UFC-ის ხელმძღვანელებმა გარიცხეს - სტრიკლენდს ჩხუბი არ აპატიეს
საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი UFC-მ საკუთარი რიგებიდან დროებით გარიცხა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ნევადის სპორტულმა კომისიამ. მკაცრი სასჯელის მიზეზი კი, ერთი თვის მომხდარი ინციდენტი გახდა, რამაც უდიდესი რეზონანსი და სკანდალი გამოიწვია.
Tuff-N-Uff 145-ის ღონისძიების დროს, სტრიკლენდი და კურტის ბლეიდსი ლუის ერნანდესთან დაპირისპირების დროს, მაილს ჰანსინგერის კუთხეში იმყოფებოდნენ. ბრძოლა ჰანსინგერმა მოიგო და მისი დასრულების შემდეგ, ერნანდესმა როგორც სტრიკლენდს, ასევე ბლეიდსს დასცინა და მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები გააკეთა, რაც არც ერთმა მათგანმა უპასუხოდ არ დატოვა. უშუალოდ შონი ოქტაგონში შეიჭრა და ერნანდესს ფიზიკურად გაუსწორდა, ვითარება კი მხოლოდ დაცვის სამსახურის წარმომადგენლების ჩარევის შედეგად განიმუხტა.
როგორი იქნება შონის მომავალი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, რთული სათქმელია. ბოლოს სტრიკლენდმა თებერვალში იჩხუბა და ქამრისთვის ბრძოლაში დრიკუს დუ პლესისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.