ზურიკოს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა | მისით ბერძნული კლუბი ინტერესდება
ზურიკო დავითაშვილს ახალი მსურველი გამოუჩნდა. „სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი „პანათინაიკოსის“ რადარზე მოექცა და ბერძნული პრესის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტაქტიც შედგა.
ინფორმაცია გამოცემა „IN“-ზე დაყრდნობით ვრცელდება. მათი ცნობით, „პანათინაიკოსი“ ფეხბურთელს დაუკავშირდა და საკუთარი სპორტული პროექტი და გეგმა წარუდგინა. ბერძნების მიზანი დავითაშვილის დარწმუნება იყო. ზურიკოს საფრანგეთის ლიგა 2-ში დარჩენის სურვილი არ აქვს და ადგილსამყოფლის შეცვლაზე აქტიურად ფიქრობს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, „პანათინაიკოსი“ დავითაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ბერძნებმა იციან, რომ ზურიკოს სხვა მსურველებიც ჰყავს და „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავენ. „IN“-ის ინფორმაციით, „პანათინაიკოსის“ მიზანია, დავითაშვილი იჯარის წესით გადაიბიროს და კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება ჩაწეროს. „სენტ-ეტიენს“ ეს იდეა არ მოსწონს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში დავითაშვილი „სპორტინგს“, „ბეშიქთაშს“, „რენსა“ და „სტრასბურგს“ დაუკავშირეს. ზურიკოს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა.