ლივერპულმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა - მამარდა ისევ სასტარტოში იყო
„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.
არნე სლოტის გუნდი მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურულ მატჩში „სტოკ სიტის“ დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
გიორგი მამარდაშვილი კვლავ მერსისაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერადაც მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. „სტოკ სიტის“ ფეხბურთელებმა ქართველი მეკარის კარის მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყეს, თუმცა ზუსტი მცდელობა არ ჰქონიათ. არნე სლოტმა მამარდაშვილი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე შეცვალა. სამწუხაროდ, მატჩის პირდაპირი ტრანსილირება არ მომხდარა, რის გამოც, ქართველი მეკარის მომენტების მოძიება ვერ მოხერხდა. „ლივერპულის“ ოფიციალურმა გვერდმა მხოლოდ გატანილი გოლების ვიდეოები გაავრცელა.
დღევანდელ შეხვედრაში სამი გოლი დარვინ ნუნიესმა გაიტანა, თითო-თითო გოლი კი ნგუმოას და ფედერიკო კიეზას ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი 13 ივლისს, „პრესტონის“ წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მისმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. ქართველი მეკარე სასტარტოში იყო და არნე სლოტმა შესვენებაზე, მეორე ტაიმის დაწყებამდე შეცვალა. მამარდაშვილმა კარის მშრალად შენახვა შეძლო.
ამ ამხანაგურის შემდეგ, „ლივერპულმა“ გეზი აზიისკენ აიღო, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 25 ივლისს სლოტის გუნდი „მილანს“ შეხვდება, 30 ივლისს კი „იოკოჰამას“ დაუპირისპირდება.