ბარსელონა რაშფორდზე გადაერთო | მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
„ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მარკუს რაშფორდის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ გავლენიანი სატრანსფერო ინსაიდერი და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
რას წერს რომანო:
„კონტაქტი „წითელ ეშმაკებსა“ და „ბლაუგრანას“ შორის დღეს დილით შედგა. გუშინ „ბარსელონას“ ოფისში დირექტორატის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ თანხა, რომელსაც „ლივერპული“ ლუის დიასის სანაცვლოდ ითხოვს, გადაჭარბებულია, ამიტომ კატალონიური კლუბი რაშფორდზე გადაერთო. ფეხბურთელის იჯარით დამატებაზე თანხმობა ესპანეთის მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმაც გასცა“.
ამასთანავე, The Athletic-ი წერს, რომ ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იჯარის ვადის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ 27 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.
შეგახსენებთ, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ნიკო უილიამსი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ახალგაზრდა შემტევმა „ბილბაოში“ დარჩენა ამჯობინა, „ბლაუგრანა“ ლუის დიასზე გადაერთო. კოლუმბიელი გარემარბის დამატება სურს „ბაიერნსაც“, ხოლო „ბარსელონას, თავისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ლივეპრულის“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია - „წითლებმა“ „ბაიერნის“ 67,5-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს.
აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში „მანჩესტერმა“ რაშფორდი „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა, სადაც ინგლისელმა გარემარბმა 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გაიფორმა.