ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
ბათუმის ქვიშის არენაზე ევროპის ლიგის A დივიზიონი დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. თამაშში პირველი გოლი ბალტიისპირელებმა გაიტანეს და კონტრშეტევა ზუსტად იეჰან ლილეორგმა დაასრულა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა და გარდატეხის შეტანა შეძლო. მალხაზ შამილაძემ წონასწორობა აღადგინა, მალევე კი ესტონელმა რასა რასმუსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ჩვენი გუნდი წინ გავიდა.
მესამე ტაიმი საქართველომ აქტიურად დაიწყო და გოჩა მახარაძემ უპირატესობა რვა წამში კიდევ უფრო გაზარდა. ესტონელებმა საბოლოოდ სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 19 ივლისს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, გათამაშებაში რვა გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ესტონეთის გარდა, პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებები არიან. „ჯვაროსნებს“ ტურნირზე ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მასიმილიანო დე ჩელისი ხელმძღვანელობს.