დვალიშვილი: მინდა სახლი ვიყიდო, დარბაზი ავაშენო და ცხენები მყავდეს
მერაბ დვალიშვილმა ქართულ იუთუბ არხ Nomadic Space (Mirian) Overland Series-ში სტუმრობისას თქვა, რომ ლას ვეგასში სახლის ყიდვას აპირებს, რომელსაც დიდი ეზო ექნება, იქ სავარჯიშო დარბაზს მოაწყობს და ასევე ცხენები ეყოლება.
მერაბ დვალიშვილი: „ვაპირებ ლას ვეგასში, სადაც ვცხოვრობ, ვვარჯიშობ და მშვიდად ვარ, ვიყიდო სახლი დიდი ეზოთი. შეგიძლია სახლი პროექტის გარეშე, შენს გემოზე ააშენო და ასევე შეგიძლია ცხენები გყავდეს.ამით ჩემი თავი კი არ უნდა გავანებივრო, არამედ მინდა ჩემს თავს უფრო კარგი პირობები შევუქმნა. მინდა დარბაზი ავაშენო, სადაც ოქტაგონს დავდგამ და ეზოში ცხენები მეყოლება. უქმე დღეებში აშშ-ში MMA-ს დარბაზები დაკეტილია და ასეთ დღეებში იქ ვერ ვვარჯიშობ ხოლმე. ავტოფარეხში მაქვს სავარჯიშო სივრცე მოწყობილი. მინდა ცხენები მყავდეს. მე ახლა ვეძებ სიწყნარეს, სიმშვიდეს. „დაბრედვამდე’’ მინდა ვივარჯიშო და შემდეგ სახლში დავისვენო’’.
მერაბმა აღნიშნა, რომ მისი მისიაა საქართველო წარმოადგინოს, საქართველოს სახელი მოუტანოს: „როცა ამერიკაში ჩავედი და როცა მშენებლობაზე ვმუშაობდი ვიღაც ამერიკელებთან ერთად, მათთან ერთი-ერთზე საუბრისას ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველი ვარ, ჩვენთან ეს ტრადიციაა, მათ ქართულ სიტყვებს ვასწავლიდი. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და პატარა ერის წარმომადგენლისთვის, მხოლოდ ეს მისია მაქვს, რომ საქართველო წარმოვადგინო, საქართველოს სახელი მოვუტანო’’.
მერაბმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: „აშშ-ში რამდენიმე გადაცემაში მიმიწვიეს, თითქმის ყველგან მკითხეს ხვიჩა კვარაცხელიაზე. რა თქმა უნდა მეამაყება''.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი გასული წლის სექტემბერში მოიპოვა, როდესაც შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მიმდინარე წლის დასაწყისში მერაბმა ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა, მომდევნო დაცვა კი გასული თვის 8 ივნისს შონ ომალისთან შედგა და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული „ქართველი მანქანა“ გამოვიდა.