AS: ფინალისიმა 2026 წლის მარტის ბოლო კვირაში გაიმართება
ფინალისიმას მატჩი, რომელშიც ერთმანეთს კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები შეხვდებიან, 2026 წლის მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.
მისი ინფორმაციით, არგენტინა-ესპანეთის მატჩი მიმდინარე წლის ზაფხულში აშშ-ში უნდა გამართულიყო, თუმცა გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის გამო ეს მატჩი 2025 წელს ვეღარ გაიმართება.
AS-ის ინფორმაციით, ესპანეთისა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, რაფაელ ლუსანი და კლაუდიო ტაპია შეთანხმდნენ, რომ მატჩი 2026 წლის მარტში გაიმართება. სავარაუდოდ, მატჩი 26-31 მარტის პერიოდში უნდა ჩატარდეს, როდესაც საფეხბურთო კალენდარში მუნდიალის პლეიოფის მატჩებია ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა, ესპანეთის ნაკრები კი შესარჩევ ტურნირს სექტებმერში დაიწყებს, სადაც მისი ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ფინალისიმა პირველად 2022 წლის 1 ივნისს გაიმართა - კოპა ამერიკის გამარჯვებულმა, არგენტინამ ევროპის ჩემპიონი იტალია 3:0 დაამარცხა.