ლევანდოვსკი ნაკრებში ბრუნდება | რობერტი კაპიტნის სამკლავურს არ მოითხოვს
რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრებში ბრუნდება. „ბარსელონას“ თავდამსხმელს ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაცთან, მიხალ პრობეჟთან კონფლიქტი წარმოექმნა, რის გამოც გაურკვეველი ვადით წასვლა გადაწყვიტა.
პოლონეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და გუნდი იან ურბანმა ჩაიბარა. მისი დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდა და პოლონური გამოცემის, Goal-ის ინფორმაციით, ლევანდოვსკი ეროვნული ნაკრების მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს.
Goal აცხადებს, რომ რობერტს არანაირი ულტიმატუმი არ გააჩნია და ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება. კაპიტნის სამკლავურის საკითხს, ის და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ცალკე განიხილავენ. მის დაბრუნებას კაპიტნის სამკლავურთან საერთო არაფერი აქვს.
პოლონეთის ნაკრებში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევანდოვსკის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. მის ნაცვლად, გუნდის კაპიტანი პიოტრ ჟელინსკი გახდა და როგორც პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღინიშნა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრობეჟმა რობერტს პირადად შეატყობინა. ლევანდოვსკის ეს არ მოეწონა და ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს ნდობის დაკარგვის მანიშნებელი ქმედება იყო და არჩევანი სწორედ ამან გააკეთებინა.