„მიქაუტაძეს და კვარაცხელიას ველაპარაკე“ | წიტაიშვილმა მეცზე ისაუბრა
გიორგი წიტაიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ახალ კლუბზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით „მეცს“ შეუერთდა და აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე გიორგი მიქაუტაძის რჩევამ გავლენა იქონია.
„გულახდილად რომ გითხრათ, ჯერ მხოლოდ სავარჯიშო ცენტრისა და სასტუმროს ნახვა მოვასწარი. ქალაქი ჯერ ვერ დავათვალიერე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კლუბის მენეჯმენტით, გასახდელში შექმნილი გარემოთი და ფეხბურთელებს შორის არსებული ოჯახური დამოკიდებულებით გაკვირვებული ვარ. სასიამოვნოა, რომ ამ გუნდის წევრი ვარ.
გიორგი მიქაუტაძეს თვალს ვადევნებდი და როცა გავიგე, რომ მეცი იყო დაინტერესებული, მას დავუკავშირდი. მიქაუტაძემ ქალაქზე, კლუბსა და პერსონალზე მხოლოდ პოზიტიური რამ მითხრა, რის შემდეგაც გადავწყვიტე, აქ გადმოვსულიყავი. მის რჩევას ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მიქაუტაძეს და ხვიჩა კვარაცხელიას რეგულარულად ველაპარაკები. მათ მითხრეს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში მაღალი დონეა და მეცი მშვენიერი კლუბია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მომავლის პროექტის მქონე გუნდში გადავსულიყავი — და მეცი სწორედ ასეთია.“
ცნობისთვის, პრესკონფერენციაზე წიტაიშვილს „მეცის“ სპორტული დირექტორი, ფრედერიკ არპინონი ახლდა, რომელმაც განაცხადა, რომ „წიტას“ გადაყვანა გასულ სეზონშიც უნდოდათ, თუმცა არაფერი გამოვიდა. არპინონმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ მისი იმედი აქვთ.