ლიონელ მესი, როდრიგო დე პაული
Aa
Aa

დუბლების სერია შეწყდა - მესის თანამემამულე შეუერთდება

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე განცდილმა წარუმატებლობამ „ინტერ მაიამის“ ხელმძღვანელები ბევრ რამეზე დააფიქრა - ისინი მიხვდნენ, რომ ლიონელ მესის გარშემო კიდევ უფრო ძლიერ ფეხბურთელებს თუ არ შეკრებენ, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ. საამისოდ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და „ატლეტიკოსთან“ როდრიგო დე პაულის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმება  მიღწეულია, რომლის ამოწურვის შემდეგაც, ფლორიდელებს არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ. დე პაული როხიბლანკოს ღირსებას 2021 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი, ყველა ტურნირზე გამართულ 34 მატჩში თავი 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ მაიამელებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა - მესი და მისი თანაგუნდელები „ცინცინატისთან“ 0:3 დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო პროგრესირების შანსი ხელიდან გაუშვეს. „ბარსელონას“ ოთხივე ექსფეხბურთელი, მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა ძირითადში იყვნენ, სრულად ითამაშეს, თუმცა მეტოქისთვის განსაკუთრებული პრობლემების შექმნა ვერ მოახერხეს.

ცნობისათვის, „ცინცინატისთან“ „ელ მონგოლიკომ“ ერთი ბრწყინვალე სერია დაასრულა - არგენტინელი ზედიზედ ხუთი ტური დუბლის შესრულებას ახერხებდა, ამჯერად კი მოედანი უგოლოდ დატოვა. ლეოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გამართულ 17 შეხვედრაში 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ კარგი თამაში საკმარისი აღარ იქნება“ - იამალი 10-ნომრიან მაისურზე
„მხოლოდ კარგი თამაში საკმარისი აღარ იქნება“ - იამალი 10-ნომრიან მაისურზე