„ადრე მანქანა ვიყავით, ახლა სათამაშო მანქანაც აღარ ვართ“ - ზამერი გერმანულ ფეხბურთზე
უკანასკნელ პერიოდში გერმანული როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთი განსაკუთრებული შედეგებით ვერ გამოირჩევა. მართალია, შარშანდელ სეზონში „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგის, ხოლო „ლევერკუზენი“ ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა ორივე მათგანი დამარცხდა. გარდა ამისა, ალემანები თვლიან, რომ „ყვითლებისა“ „ფარმაცევტების“ წარმატება მეტწილად არა ადგილობრივი კადრების, არამედ ლეგიონერების დამსახურება გახლდათ.
შექმნილ ვითარებას ბუნებრივია განსაკუთრებით განიცდიან ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელები, რომელთაც წარსულში ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას, გულშემატკივართათვის არაერთი დაუვიწყარი მატჩით დაუმახსოვრებიათ თავი. ვეტერანებს შორის კი, განსაკუთრებული კრიტიკული მოსაზრებით მათიას ზამერი გამოირჩა, რომელსაც ბუნდესნაკრების რიგებში 1996 წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
მათიას ზამერი
როგორც ფეხბურთის ისტორია გვასწავლის, ჩვენ, გერმანელებს ყოველთვის უმაღლესი დონის, კომპაქტური და მჭიდროდ მოთამაშე გუნდი გვყავდა. მუდამ იყვნენ ინდივიდუალურად ძლიერი, მეტსაც გეტყვით გენიოსი ფეხბურთელები, მაგრამ გუნდურობა არასოდეს დაგვიკარგავს და გერმანიის ნაკრები ნამდვილ მანქანას წარმოადგენდა. ახლა რას წარმოადგენს? საუკეთესო შემთხვევაში სათამაშო მანქანას.
მთავარი პრობლემა იცით რაშია? ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის ბალანსის დაცვა გაგვიჭირდა და იდენტობა დავკარგეთ. ხანდახან საკუთარ თავს პროვოკაციულ შეკითხვას ვუსვამ: „რას წარმოადგენს ახლა გერმანული ფეხბურთი?“. ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს და საქმეები ისე მიდის, ალბათ დიდი ხანი არ მექნება.
ცნობისათვის, გერმანიის ნაკრებმა ბოლოს დიდ წარმატებას 11 წლის წინ მიაღწია - ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე იოახიმ ლიოვის მომზადებულმა ალემანებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.