ენრიკეს დააჯარიმებენ | რას წერს Marca პსჟ-ის მთავარ მწვრთნელზე
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა. ლონდონელებმა სენსაცია მოახდინეს და ლუის ენრიკეს გუნდი 3:0 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შელაპარაკება მოუვიდათ და ენრიკემ ჟოაო პედროს ხელი ჰკრა.
Marca-ს ინფორმაციით, ფიფა ესპანელ სპეციალისტს დასჯის. სასჯელის ხასიათი მთავარი არბიტრის მოხსენებაზე იქნება დამოკიდებული. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ენრიკეს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება და სავარაუდოდ, მცირე ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
Mundo Deportivo-ს მიხედვით, ენრიკეს სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია და საფრანგეთის ჩემპიონატის ან ევროტურნირების მატჩებს არ გამოტოვებს. როგორც მოგეხსენებათ, ენრიკემ მომხდარზე თავადაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ფეხბურთელთა გაშველება იყო.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისთვის“ სეზონი 13 აგვისტოს იწყება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სუპერ თასის დასაკუთრებას შეეცდება და „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ პირველ შეხვედრას „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.