გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შემიძლია“ - ქოჩორაშვილი პორტუგალიურ მედიას ესაუბრა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლის შემდეგ, სავარჯიშო პროცესში აქტიურადაა ჩართული და ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადება. დღევანდელი სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, ქოჩორაშვილი პორტუგალიურ მედიას გაესაუბრა და „სპორტინგში“ გატარებულ პირველ კვირებზე შთაბეჭდილებები გაუზიარა. ქართველმა ფეხბურთელმა ადაპტაციის პერიოდსა და მიზნებზე ისაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი:

„კლუბში ადაპტაცია საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მთელი კლუბი ძალიან დამეხმარა. შემდეგ უკვე თანაგუნდელებთან გავიზიარე გასახდელი და ყოველდღიური ცხოვრება, ისინი ყველაფერში მხარში მიდგანან, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმაც.“

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კლუბში არა მხოლოდ 2 კვირა, არამედ 2 ან 3 წელია ვარ. თავს გუნდისა და „სპორტინგის“ ნაწილად ვგრძნობ, რაც ასეთ მოკლე დროში მარტივად მისაღწევი ნამდვილად არ არის.“

„პირველ რიგში, აქ ჩემპიონატის მოსაგებად მოვედი. გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შემიძლია, მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ.“

ქოჩორაშვილს ვიქტორ დიოკერეშის ტრანსფერზეც ჰკითხეს, რასაც ქართველმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა: „ეს ისეთი სიტუაციებია, რომლებზეც კონტროლი მე არ მაქვს. აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისიამოვნო, ვითამაშო და ვიბრძოლო.“

„პირველივე დღიდან ვაცხადებდი, რომ აქ იმისთვის ვარ, რათა გუნდს დავეხმარო როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმაც. ფეხბურთში ბევრი დეტალია, რომელიც არ ჩანს. სხვა ნახევარმცველებისგან ბევრ რამეს ვისწავლი და ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემს სათამაშო ხედვაშიც შევიტან ცვლილებებს.“

„სპორტინგი“ მოსამზადებელ ეტაპს ალგარვეში გადის. როგორც გითხარით, ქოჩორაშვილმა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა და მოსალოდნელია, რომ „სელტიკთან“, რომელსაც „სპორტინგი“ 16 ივლისს დაუპირისპირდება, სათამაშო დრო მიეცემა.

გიორგიმ ტრავმა პორტუგალიაში გადასვლამდე „ლევანტეს“ რიგებში მიიღო. ვალენსიურ კლუბთან ერთად, „ქოჩომ“ ლა ლიგა 2 მოიგო და „ლევანტეს“ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარა.

ცნობისთვის, „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით). გიორგიმ ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია
პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია