რეალთან ვინისიუსის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიდო
ვინისიუს ჟუნიორი „რეალთან“ კონტრაქტს ზაფხულის ბოლომდე არ გაახანგრძლივებს.
Relevo-ს ჟურნალისტის, ხორხე პიკონის ინფორმაციით, ეს საკითხი გადადო და აგვისტოს ბოლომდე ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოსალოდნელი არ არის.
მისივე ინფორმაციით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება 2025/26 წლების სეზონი.
ბრაზილიელი ფეხბურთელის სამეფო გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
მანამდე Marca-მ დაწერა, რომ კლუბი შეშფოთებულია ვინისიუსის სათამაშო ფორმით. კერძოდ, ხელმძღვანელებს სურთ გაიგონ, თუ რა გეგმები აქვს ფეხბურთელს და რას აპირებს უახლოეს მომავალში, რადგან მას ამჟამად ენთუზიაზმის ნაკლებობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ვინგერი „ბლანკოსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან 58 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 19 ასისტი მიითვალა.