დისკვალიფიცირებული კაპიტნის გარეშე - შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ხვალიდან საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებმება. მეცხრე პოზიციისთვის საბრძოლველ ნახევარფინალში ლადო კილასონიას მომზადებული გუნდის მეტოქე ესპანეთის ასაკობრივი ნაკრები იქნება.
ესპანელებმა ქართველებისგან განსხვავებით, ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგეს - ტურნირი საფრანგეთთან (11:49) მარცხით დაიწყეს, რის შემდეგაც არგენტინასთან (30:33) დათმეს შეხვედრა, ხოლო უელსელებს (25:35) 10-ქულიანი სხვაობით ჩამორჩნენ. პირენეელთა წინააღმდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ წინა შეხვედრაში გაძევების გამო დისკვალიფიცირებული კაპიტნის, ანდრო დვალის გარეშე ითამაშებენ, რომელსაც მესამე ხაზში ლუკა ნარსია შეცვლის, კაპიტანი კი მის არყოფნაში თემურ წულუკიძე იქნება.
საქართველო - ესპანეთის მატჩი ხვალ იტალიის ქალაქ ვერონაში „ლუიჯი ძაფანელას“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 17:30 წუთზე დაიწყება.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. სანდრო მესხიძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიორგი ჯაში (არმია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა, კაპ.), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. ნიკა აბესაძე (ლელო); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. საბა შარვაშიძე (აია),23. სანდრო სესიაშვილი (არმია).