დასანანი მარცხი ჩიტასთან - წინ მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. თბილისში, ირლანდიელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ბორჯღალოსნებმა „ჩიტასს“ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე მეტოქეს ამარცხებდნენ კიდეც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 20:24 დამარცხდნენ.
პირველი ნახევარი მასპინძლებმა 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს. „ჩიტასის“ შემადგენლობაში თითო ლელო ნტოკოზო მაკჰაზას და ალი მგიჯიმას ანგარიშზეა, რასაც სტუმართა რიგებში შალვა აფციაურმა უპასუხა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი კარგი კომბინაციის დაგვირგვინებით აიღო, ხოლო გარდასახვა თედო აბჟანდაძემ დაარტყა ზუსტად, რომელიც მოედანზე ბორჯღალოსნების რიგით 37-ე კაპიტნის ამპლუაში იყო გასული.
მეორე ტაიმის დასაწყისში აფციაურმა მოწინააღმდეგე გუნდის შეცდომით ისარგებლა და ლამის 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვის შემდეგ დუბლი შეასრულა. მისი ლელო აბჟანდაძემ კვლავ კარგად გარდასახა, რასაც კაპიტანმა ზუსტად შესრულებული ზედიზედ ორი საჯარიმოც მიაყოლა, რის შემდეგაც ბორჯღალოსნები 3-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა ეს უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს, მაკჰაზამ აფციაურის მსგავსად დუბლი შეასრულა და სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზს გამარჯვება მოუტანა.
ცნობისათვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ზაფხულის ტესტების სერია ამით არ სრულდება - რიჩარდ კოკერილის შეგირდები 19 ივლისს უკვე სამხრეთ აფრიკის უძლიერეს ნაკრებთან ითამაშებენ. მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩი თბილისის დროით, 19:10 წუთზე დაიწყება.