მედია: დვალიშვილი-სენდჰეგენის ბრძოლის თარიღი ცნობილია
მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლის თარიღი უკვე ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Octagon Pulse-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ორივე მებრძოლმა კონტრაქტებს ხელი უკვე მოაწერა და ოფიციალურად ბრძოლის შესახებ პრომოუშენი მომდევნო კვირაში, UFC 318-ის პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.
????BREAKING: Merab Dvalishvili vs Cory Sandhagen is officially signed for #UFC320 at the T-Mobile arena in Las Vegas, Nevada. pic.twitter.com/OEc7xc5Be8
— Octagon Pulse | UFC MEDIA???? (@OctagonPulse) July 11, 2025
გამოცემის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილისა და სენდჰეგენის ბრძოლა 4 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, UFC 320-ზე გაიმართება და ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება, მთავარ მოვლენად კი ქვემძიმე წონის საჩემპიონო ჩხუბი ჩაინიშნა, რომელშიც მაყურებელი ჩემპიონის, მაგომედ ანკალაევისა და ექსჩემპიონის, ალექს პერეირას რემატჩს იხილავს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილი UFC-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჰანთერ კემპბელს შეხვდა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მომდევნო ბრძოლასთან დაკავშირებით სიახლეები ძალიან მალე იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ შონ ომალისთან განმეორებითი ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა დაადასტურა, რომ ყველაზე დამსახურებულ კონტენდერად სენდჰეგენს მიიჩნევს. „სენდჰმენი“ სუპერმსუბუქი წონის მე-4 ნომერია. მას MMA-ში გამართული 23 ბრძოლიდან 18 მოგება და 5 მარცხი აქვს.