რეალი VS პსჟ: ტაქტიკური ანალიზი - გამოცდილება მოტივაციის წინააღმდეგ
Aa
Aa

რეალი VS პსჟ: ტაქტიკური ანალიზი - გამოცდილება მოტივაციის წინააღმდეგ

ოთხშაბათი, 14 თებერვალი ჩვეულებრივი ოთხშაბათი არ იქნება, რადგან ამ დღეს მადრიდის „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება შედგება.

ფეხბურთის გულშემატკივრები ამ დღეს კენჭისყრის დასრულებისთანავე ელოდნენ.

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და ისტორიაში პირველად, მისი ზედიზედ ორჯერ მომგები მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. მეტიც, ზიდანის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

გუნდები შეხვედრას რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. პარიზელები ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ და მეორეადგილოსან „მონაკოს“ 12 ქულით უსწრებენ. მადრიდელები კი ლიდერ „ბარსელონას“ 17 ქულით ჩამორჩებიან და სატურნირო ცხრილში მათთვის შეუფერებელ მე-4 პოზიციას იკავებენ.

რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩებს, ზიდანის შეგირდებმა ხასიათი გამოიკეთეს და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალ სოსიედადს“ 5-2 სძლიეს. ჰეთ-თრიკი გაიფორმა კრიშტიანო რონალდუმ, რომელიც ლწევანდელ სეზონში არც თუ ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება.

ზიზუმ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. კაზემიროს, რომელიც წელს მოედანზე ყველაზე მეტ დროს ატარებს, „სოსიედადთან“ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. თადარიგში იყვნენ და ცვლილებაზე შემოვიდნენ გარეთ ბეილი და ისკო.

უნაი ემერის გუნდმა ლიგა 1-ში სტუმრად „ტულუზას“ ნეიმარის გოლით სძლია. ბასკმა სპეციალისტმა შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა. მოედანზე არ გამოჩენილან მარკო ვერატი, ტიაგო სილვა, ედინსონ კავანი და ლაუინ კურზავა.

ტაქტიკა - ვინ იქნება პირველი ნომერი?

მატჩამდე ყველას ერთი კითხვა აწუხებს - რა ტაქტიკას აირჩევენ მწვრთნელები? ამ შემთხვევაში, შედარებით პროგნოზირებადი „პსჟ“-ს შემადგენლობა გახლავთ, თუმცა ჯერ მასპინძლებზე ვისაუბროთ.

მთელი კვირის განმავლობაში ესპანური პრესა „რეალის“ შესაძლო ტაქტიკურ სქემებს განიხილავდა. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ზიდანი სქემას შეცვლის და მეტოქეს სიურპრიზს შესთავაზებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარიზელთა 4-3-3-ს, "რეალი" ანალოგიური ტაქტიკით დაუპირისპირდეს.

ასეთ შემთხვევაში კი ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მოედანზე BBC ვიხილოთ. სავარაუდოდ კარიმ ბენზემა, ან გარეთ ბეილი სათადარიგოთა შორის დარჩება და მათ ნაცვლად ძირითადში ისკო იქნება, თუმცა არის მეორე ვარინატიც... ზიდანმა შესაძლოა დასვენებულ კაზემიროს მატეო კოვაჩიჩი შეუწყვილოს და პირველივე წუთებიდანვე მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვა დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში, საკითხავია თუ ვინ დარჩება თადარიგში - ისკო, თუ ბენზემა (ბეილი)?

ზიდანის მთავარი პრობლემა დაცვის ფლანგებია. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს დანი კარვახალი, რომელსაც სავარაუდოდ ნაჩო, ან ჰაკიმი შეცვლის.

„რეალს“ პრობლემა აქვს მარცხენა ფლანგზეც. მართალია, მარსელო ჯანმრთელადაა, თუმცა ბრაზილიელი კარგ ფორმაში არ იმყოფება და ეს ადვილად შესამჩნევია. წლევანდელ სეზონში, მადრიდელებმა ყველაზე მეტი გოლი სწორედ მარცხენა ფლანგიდან გაუშვეს.

კარვახალი, რომ ზიზუს განკარგულებაში იმყოფებოდეს, არ არის გამორიცხული მარსელოს ნაცვლად მარცხენა ფლანგზე ნაჩო გვეხილა.

ასეთ ვითარებაში კი ნაჩოს მარცხენა ფრთაზე გადმოწევით, მარჯვნივ ნეიმარის მეურვედ ახალგაზრდა ჰაკიმი რჩება, რაც ბუნებრივია თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

ზიდანი ერთ-ერთ ვარიანტად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ლუკას ვასკესის დაყენებასაც განიხილავს, რომ მან ნაჩო ნეიმარის წინააღმდეგ დააზღვიოს.

ამ გადაწყვეტილებას მეორე მხარეც აქვს - ვასკესი ისკოსთან და ბეილთან შედარებით, შეტევაში ნაკლებადპროდუქტიულია.

საიმედოდ არც რამოსისა და ვარანის წყვილი გამოიყურება, თუმცა ორივე მათგანი სრულ მზადყოფნაშია. ასე, რომ გამორიცხულია ზიდანმა გარისკოს და რამე შეცვალოს.

ნახევარდაცვაში კროოსი-მოდრიჩი-კაზემიროს ტრიო ხელშეუხებელია. საინტერესოა, თუ ვინ იქნება მეოთხე მათგანი - ისკო, თუ კოვაჩიჩი?

ზედმეტად პრაგმატულმა სვლამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ შედეგი, რომ არ გამოიღო ყველამ კარგად ნახა. კოვაჩიჩმა „ელ კლასიკო“ აშკარად ჩააგდო.

ზიდანს სურს, რომ მოედნის ცენტრში უპირატესობა მის გუნდს ჰქონდეს და ფრანგების მრისხანე შეტევას სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდოს.

თავდასხმაში რონალდუ-ბენზემას დუეტს უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ზიზუ ბეილი-ასენსიოს წყვილს ჯოკერად გამოიყენებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ მეორე ნახევარში შეიყვანს.

„რეალმა“ ბურთი უნდა გააკონტროლოს და მეტოქე ზეწოლის ქვეშ მოაქციოს. მათთვის კონტრშეტევაზე თამაში ამჯერად დამღუპველი იქნება, რადგან „პსჟ“ ჩინებულ ფორმაშია და ევროპაში ერთ-ერთი (თუ, საუკეთესო არა) საუკეთესო შეტევა ჰყავს. მათი ფანტაზიის უნარი უსაზღვროა და თან, სამეფო კლუბის დაცვა საკმაოდ არასაიმედოდ გამოიყურება.

თუმცა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზიდანმა BBC-ის ნდობა გამოუცხადოს და პირველივე წუთებიდანვე აგრესიულად შეუტიოს. ასეთ შემთხვევაში, "პსჟ"-ს მოედანზე მეტი სივრცე ექნება და ნეიტრალური ქომაგიც უდაოდ თვალსასეირო სანახაობის მომსწრე გახდება.

რაც შეეხება „პსჟ“-ს, უნაი ემერი თავის სტილს არ უღალატებს და ტრადიციულ 4-3-3-ს აირჩევს.

პარიზელთა უკანა ხაზი კითხვებს არ ბადებს - ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა და კურზავა.

ყველაფერი ნათელია თავდასხმაშიც - ნეიმარი, მბაპე, კავანი.

ყველაზე საინტერესო ნახევარდაცვის ხაზია, სადაც ფრანგებს საკმაოდ დიდი კონკურენცია აქვთ. 99%-ით ძირითადში იქნება მარკო ვერატი.

ვერატისთან ერთად ძირითადში მოხვედის ყველაზე დიდი შანსი 21 წლის არგენტინელ ჯოვანი ლო სელსოს აქვს.

რამდენად შემტევ ტაქტიკას აირჩევს ემერი? ეს ნახევარდაცვის მესამე წევრის არჩევაზე იქნება დამოკიდებული - რაბიო, თუ დრაქსლერი? გერმანელის ძირითადში მოხვედრის შემთხვევაში ფრანგები სუპერშემტევი შემადგენლობით იქნებიან.

ემერის მხრიდან ამ ვარიანტის არჩევა მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან წინ, პარიზში გასამართი განმეორებითი მატჩია და მცირეა იმის შანსი, რომ მან თავიდანვე გარისკოს.

„პსჟ“ შეეცდება თავის სტილში ითამაშოს - ნეიმარი, კავანი და მბაპე პოზიციებს ხშირად გაცვლიან და თავიანთი სისწრაფის გამოყენებით შეეცდებიან „რეალის“ დაცვა მაქსიმალურად გაწელონ, რაც სივრცეებს შექმნის, ხოლო თუ როგორ იყენებენ ისინი სივრცეებს, ეს ყველამ კარგად იცის.

პარიზელთა ტრიო თავს გაცილებით მშვიდად გრძნობს, როცა მათ უკან სამი ცენტრალური ნახევარმცველი დგას და ზონებს აკონტროლებს. ასეთ მნიშვბნელოვან მატჩში ესპანელი სპეციალისტი უფრო ფრთხილ და დაბალანსებულ ნახევარდაცვის ხაზს აირჩევს.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის დასაწყისს. რა სცენარს აირჩევს ზიდანი - პირველივე წუთებიდანვე აგრესიული პრესინგი, თუ შედარებით ფრთხილი ტაქტიკა და პარიზელთა შეცდომით სარგებლობა? ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია, რომ შეცდომა თავად „რეალმა“ არ დაუშვას, რადგან თუ „პსჟ“-მ ანგარიში გახსნა, პროგრამა მინიმუმის ნაადრევად შესრულების შემდეგ, მათი შეჩერება „რეალს“ ძალიან გაუჭირდება.

"ბარსელონას" წინააღმდეგ მადრიდელთა ფრთხილმა ტაქტიკამ შედეგი ვერ გამოიღო. „რეალი“ მაშინ დომინირებს, როცა ბურთის კონტროლს ახერხებს, ან თავის სტილში - კონტრშეტევებით მეტოქეს უბრალოდ კლავს. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, "ბლანკოსი" ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ არის და მეორე ნომრად თამაში, შესაძლოა მათთვის დამღუპველიც გამოდგეს.

პლიუსები და მინუსები

„რეალის“ პლიუსი მისი გამოცდილებაა. სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში.

მართალია, ბოლო 10 წელიწადში მადრიდელებმა ლა ლიგა მხოლოდ 2-ჯერ მოიგეს, მაგრამ სრულიად საპირისპირო ვითარებაა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ისინი არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშითაც კი აღწევენ შედეგს. ამ ყველაფერს კლასი ჰქვია და კლასი გამოცდილების შედეგად მოდის.

ზიზუს გუნდის მთავარი მინუსი თავიანთ ამჟამინდელ ფორმასთან ერთად მოტივაცია გახლავთ. ურთულესი რამაა, როცა ლიგას ზედიზედ ორჯერ იგებ და ახლა მესამედაც? წარმოუდგენელია, თუმცა ვინ იცის...

„ბლანკოსმა“ ლა ლიგაში შანსები უკვე დაკარგა. სამეფო თასს ნაადრევად დაემშვიდობა და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის იმედადაა დარჩენილი, მაგრამ მათი მეტოქე შეიძლება ითქვას მშიერი მგელია, რომელიც ხორცის სუნს გრძნობს და მზადაა ნებისმიერი მეტოქე დაგლიჯოს, თუმცა ამ მგელს გამოციდლება არ აქვს, არ აქვს ტრადიცია, დიდად არც მყარი მენტალიტეტით გამოირჩევა. ისეთ გიგანტს კი როგორიც „რეალია“, ამ ნიუანსების გამოყენება ნამდვილად შეუძლია.

რას უნდა ველოდოთ მატჩისგან - მწვრთნელები საფრთხის წინაშე და ინდივიდუალისტების როლი

ორივე მწვრთნელი დიდი წნეხის ქვეშაა. მარცხის შემთხვევაში ზიდანსაც და ემერისაც თანამდებობის დატოვება ემუქრებათ.

99%-ანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ "პსჟ" "რეალს" ვერ გასცდება უნაი ემერი თანამდებობას დატოვებს.

ემერიზე მეტი შანსები აქვს ზიდანს, რომლის სკამიც შერყეულია, თუმცა ასე გადაჭრით მასზე მაინც ვერაფერს ვიტყვით.

შეხვედრას ძალიან დიდი აფიშა აქვს და ხშირად ხდება ხოლმე, როცა გადაჭარბებული მოლოდინი არ მართლდება და შედეგად პრაგმატულ, მწირგოლიან და შედეგზე გათვლილ ფეხბურთს ვღებულობთ.

ალბათ, იმაზე ყველა თანხმდება, რომ სწრაფი გოლი შეხვედრას საოცრად სანახაობრივს გახდის. რომელი გუნდი გადადგამს პირველ ნაბიჯს და რომელი გადაწყვეტს, რომ პირველ ნომრად ითამაშოს?..

ამა თუ იმ წვრთნელს, რაც არ უნდა ძლიერი ტაქტიკა ჰქონეს, საბოლოოდ შესაძლოა ინდივიდუალიზმმა ყველაფერი ერთი მომენტით თავდაყირა დააყენოს. ინდივიდუალისტები კი ორივე გუნდში მრავლად მოიძებნებიან.

იმედი ვიქონიოთ, რომ პრაგამტიზმს ნამდვილი ფეხბურთი დაჩრდილავს და მატჩის აფიშა 100%-ით გაამართლებს.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები