“კარგია, რომ იამალი ჩვენთან არის“ - დე ლა ფუენტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ესპანეთის ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დე ლა ფუენტე:
„ლამინის ვინმესთან შედარება შეცდომა იქნება. ის მხოლოდ 18 წლისაა, ჯერ კიდევ განვითარების და ჩამოყალიბების პროცესშია. უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი გზა გაიაროს. ასეთი ფეხბურთელები, რომლებსაც რაღაც განსაკუთრებული აქვთ, ამისთვის მზად არიან.
იამალის სათამაშო დრო? ამას შევაფასებთ. ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ ის ჩვენთან ერთად არის. ლამინი კარგ ფორმაშია. ითამაშებს 55, 58 თუ 63 წუთს — ეს კონკრეტულ მატჩზე იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, რა იქნება საუკეთესო როგორც გუნდისთვის, ისე მისთვის. დანარჩენს ხვალ ნახავთ.
ჩვენს გუნდში ძალიან ჯანსაღი გარემოა. ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელი. ლამინის როლიც იდეალურად გვესმის და მის თანაგუნდელებსაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ. კაბო ვერდესთან ფრე? გუნდს ეს ძალიან ეწყინა და ზოგჯერ კრიტიკა დამატებითი მოტივაციაც ხდება. ფეხბურთელები ყველაფერს კითხულობენ, გაბრაზებულები არიან და დარწმუნებული ვარ, ხვალ სულ სხვა თამაშს ვიხილავთ.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა პირველი ტურის მატჩი კაბო ვერდესთან ფრედ 0:0 დაასრულა. საუდის არაბეთთან დაპირისპირება კი 21 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.