დვალიშვილი: „იანი უმარს საგრძნობლად აღემატება“
„UFC-ის ხელმძღვანელებმა მითხრეს რამდენიმე კვირა საქართველოში დამესვენა, შემდეგ კი მათთან მივსულიყავი და ერთად შეგვერჩია ჩემთვის მომავალი მეტოქე“ - მერაბ დვალიშვილის ამ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს, თუ რაოდენ დიდ დაფასებას მიაღწია მან თავისი ბოლოდროინდელი ბრწყინვალედ ჩატარებული ბრძოლებიდან გამომდინარე და ქართველი „მანქანა“ ამას ნამდვილად იმსახურებს. სანამ გაირკვევა, თუ ვისთან მოუწევს მომდევნო შეხვედრის გამართვა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მერაბს სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მყოფი რუსი მებრძოლების, პიოტრ იანისა და უმარ ნურმაგომედოვის შედარება სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
“იანი უმარზე უკეთესია, რატომ? იმიტომ, რომ ტოპ-მებრძოლებთან უკვე ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარა და მეტი გამოცდილება დააგროვა - ის სულ საქმეშია და სულ იბრძვის. უმარი კი... ჩვენ ვნახეთ მისი ბრძოლები მხოლოდ ჩემთან და კორი სენდჰეგენთან. არადა, სწორედ ახლა სჭირდება დივიზიონის წამყვან ფიგურებთან დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ნურმაგომედოვი კარგი მებრძოლია, მაგრამ მეტი აქტიურობა მართებს. სად არის ახლა ის? რატომ არ აქტიურობს და არ ითხოვს ბრძოლების ჩანიშვნას?“
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი 2023 წლის მარტში, ხოლო უმარ ნურმაგომედოვი 2025 წლის იანვარში დაამარცხა. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი, დიდი ალბათობით კორი სენდჰეგენი იქნება.