„ბოლო წლები ამ დღის მოლოდინში გავატარე“ | ზიდანის პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა. „ზიზუ“ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში წარადგინეს და ლეგენდარული მოთამაშის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა „მამლებმა“ წარმატებას მიაღწიონ.
ახდენილი ოცნება
„ეს გარკვეულწილად ახდენილი ოცნებაა. იმ ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც პაუზა მქონდა აღებული, კლუბების ჩაბარებასთან დაკავშირებული შეთავაზებები მივიღე. თუმცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამო ყველა წინადადებაზე უარი ვთქვი. ეს არის ერთადერთი რამ, რის გაკეთებაც „რეალში“ მიღებული გამოცდილების შემდეგ მსურდა. ბავშვობიდან ეს მინდოდა — ახალგაზრდული გუნდებიდან დავიწყე, ყველა ეტაპი გავიაარე ეროვნულ ნაკრებამდე, რაც მწვერვალია. ერთადერთი, რაც მოტივაციას მაძლევს, არის ის, რომ ამ გუნდისთვის ვიმუშაო და მან წარმატებულ გზაზე სიარული განაგრძოს.“
დიდიე დეშამი
„დიდიე დეშამს რაც შეეხება, ვულოცავ ყველაფერს, რასაც მიაღწია. ახალ მწვრთნელთან ერთად ახალი ისტორია იწყება. მთელ ჩემს ენერგიას ამ გუნდში ჩავდებ. მოუთმენლად ველოდები, როდის გავხდები მისი ნაწილი.“
ნაკრებში დანიშვნით გამოწვეული სიხარული
„უდიდეს სიხარულს ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. თავშეკავებული ვარ, თუმცა შიგნიდან უამრავი ემოცია მაქვს. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის და ბიძგს სწორედ ეს მაძლევს.“
საუკეთესო დღე სამწვრთნელო კარიერაში
„დიახ, ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო დღეა. ჩვენს საფეხბურთო სტილს მალე იხილავთ. ამასთან დაკავშირებით, მომდევნო პრესკონფერენციაზე განმარტებას გავაკეთებ. ჩემი მამოძრავებელი ძალა ფეხბურთია. ათი ნომერი ვიყავი და ჩემი მამოძრავებელი ძალა გოლების გატანა და თავად ფეხბურთი იყო. ესპანეთში 25 წელი ვცხოვრობდი და იცით, ეს რასაც ნიშნავს. მოედანზე ლიდერი ვიყავი. დღეს კი მინდა გავხდე ლიდერი ჩემი გამოცდილებითა და იმით, რისიც მწამს, როგორც მწვრთნელს.“
კილიან მბაპე და გუნდში დანიშვნა
„ბოლო ოთხი-ხუთი წელიწადი სწორედ ამ დღის მოლოდინში გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთი ადამიანისთვის გარკვეული სირთულეები ახლავს, მაინც ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. კილიან მბაპესთან ჯერ არ გვისაუბრია. მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხანგრძლივი სეზონის შემდეგ დასვენებაა. მასთან და სხვა ფეხბურთელებთან დალაპარაკების შესაძლებლობა სექტემბერში გვექნება.“
შემადგენლობა
„წარმატების მისაღწევად ყველა საჭირო რესურსი გვაქვს. საოცარი გუნდი მყავს. მალე ფეხბურთელებს ჩემს სათამაშო გეგმას წარვუდგენ.“
ესპანეთის ნაკრები და პრიორიტეტი
„ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდი და ურთულესი ოპონენტია, მაგრამ ეს ჩემი პრიორიტეტი არ არის. ჩემი პრიორიტეტი თურქეთთან მატჩია. სექტემბერში ფეხბურთელებთან სამი კვირა მექნება, რაც ფანტასტიკურია — თითქმის უპრეცედენტო დროა მათთან ერთად ყველაფრის მოსამზადებლად“.
სათამაშო სტილი
„მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთი და სათამაშო სტილი ბრწყინვალე იყო. მე იქ ვიყავი და, ისევე როგორც ყველა სხვა გულშემატკივარმა, დიდი სიამოვნება მივიღე და არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერს განსხვავებულად გავაკეთებთ, გულწრფელად რომ ვთქვა. დეშამი დეშამია. ლორან ბლანი ლორან ბლანი იყო. ზიდანი კი ზიდანია. მე ვეცდები გავაკეთო ის, რაც ვიცი და მეხერხება. არც წარსულთან კავშირის გაწყვეტას ვაპირებთ. მინდა შევინარჩუნო უწყვეტობა, რათა საფრანგეთის ნაკრებმა მოგებები განაგრძოს.“
შეგახსენებთ, რომ ზიდანის დებიუტი 25 სექტემბერს შედგება. უეფას ერთა ლიგის ეგიდით, „სამფეროვნები“ თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.