ლუის ენრიკე: „ბარკოლა გვჭირდება, არსად არ წავა“
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შემდეგ, ბრედლი ბარკოლას „პარი სენ-ჟერმენში“ სათამაშო წუთები საგრძნობლად შეუმცირდა. ამ ყველაფრით 22 წლის ფრანგმა შემტევმა უკმაყოფილება საჯაროდ არაერთხელ გამოთქვა, რის შემდეგაც „ბაიერნი“ და „ლივერპული“ გააქტიურდნენ და ბარკოლას აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყეს. თუმცა, ლუის ენრიკეს კომენტარიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია მისი ტრანსფერი განხორციელდეს.
რას ამბობს ენრიკე
ბრედლი ბარკოლას მომავალი? ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩვენთან დარჩება. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეების შეძენა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ ბარკოლა ის ახალგაზრდაა, რომელსაც ჩვენი გუნდის მომავალი უკავშირდება და მაქვს მოლოდინი, რომ ის „სენ-ჟერმენის“ ღირსებას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს.
ცნობისათვის, ბრედლი ბარკოლამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 58 შეხვედრაში თავი 21 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.