სამშობლოში დაბრუნდა - კოუტინიო ისევ ვასკოში ითამაშებს
ფელიპე კოუტინიოს კარიერა „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას რომ ევროპაში არ შედგა. გარდამტეხი იყო მერსისაიდული გრანდიდან „ბარსელონაში“ ტრანსფერი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინა და მისი რეგრესიც სწორედ აქედან დაიწყო, საბოლოოდ კი სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა.
33 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „ვასკო და გამასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რაც გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დადასტურდა. ფილიპე გასულ სეზონშიც ამ კლუბში გამოდიოდა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იჯარის წესით და ახლა უკვე ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ მისი კონტრაქტი საბოლოოდ გამოისყიდეს. კოუტინიოსთან დაკავშირებით წერია, რომ მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ, ისეთი კალიბრის ფეხბურთელია, რომ ტაქტიკური სქემის მის ირგვლივ აწყობა შეიძლება და შესაბამისად, გუნდის მთავარ ლიდერად მოიაზრება.
ინდივიდუალური თვალსაზრისით კოუტინიოსთვის საუკეთესო „ლივერპულში“ გატარებული პერიოდი გახლდათ. ტიტულები კი „ინტერში“ (იტალიის სუპერ თასი), „ბარსელონაში“ (ორჯერ ლა ლიგა, თითოჯერ კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი) და „ბაიერნში“ (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) ასპარეზობისას მოიგო.