ფინანსური ფეარ პლეის წესები დაარღვიეს | უეფამ ჩელსი, ბარსა და ლიონი დააჯარიმა
უეფა-მ „ჩელსი“, „ასტონ ვილა“, „ბარსელონა“, „ლიონი“ და „რომა“ დააჯარიმა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კლუბებს სასჯელი ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევის გამო დააკისრა და კონკრეტული მიზნები დაუსახა, რომელთა ვერ მიღწევის შემთხვევაშიც, მეტის გადახდა მოუწევთ.
„ჩელსი“ ჯარიმის სახით, 20 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 11 მილიონი დაემატება - საერთო ჯამში - 31 მილიონი. ამასთან, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, „ლურჯებმა“ უეფა-სგან დასახულ მიზნებს რომ ვერ მიაღწიონ, შესაძლოა, სასჯელი 80 მილიონამდე გაიზარდოს.
„ბარსელონას“ შემთხვევაში სასჯელი 15 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კატალონიელებმა უეფა-ს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს შესაძლოა, კიდევ 45 მილიონის გადახდა მოუწიოთ. „ლიონთან“ დაკავშირებით ეს თანხა 50 მილიონია 4 წელზე და ფრანგულ კლუბს, უახლოეს პერიოდში, 12.5 მილიონის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ „ლიონს“ სხვა პრობლემაც აქვს. გიორგი მიქაუტაძის გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს და 10 ივლისს, კლუბის ფინანსურ მდგომარეობას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური ორგანო შეამოწმებს. თუ „ლიონი“ დამნაშავედ ცნეს, აპელაციას არ დაუკმაყოფილებენ. L’Equipe-ის მიხედვით, „ლიონს“ 100 მილიონის განთავსება მოუწევს ანგარიშზე.