გაუპატიურებაშია ბრალდებული | პარტეი სასამართლოს წინაშე 5 აგვისტოს წარდგება
„არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს, ტომას პარტეის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. Sky News-ის ინფორმაციით, განელ ნახევარმცველს გაუპატიურების ხუთ შემთხვევასა და სექსუალური ძალადობის ერთ შემთხვევაში ადანაშაულებენ.
გაუპატიურების ორი შემთხვევა ერთ ქალს უკავშირდება, სამი - მეორეს. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, პოტენციური მსხვერპლი მესამე ქალია. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, დანაშაულებს ადგილი 2021 და 2022 წლებში ჰქონდა და პარტეი სასამართლოს წინაშე 5 აგვისტოს წარდგება.
Telegraph-ის მიხედვით, ინგლისურმა პოლიციამ 2022 წლის ივლისში პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. მაშინ, მისი სახელი არ გასაჯაროვდა და როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, სწორედ პარტეი იყო დაჭერილი.
Telegraph-ი დასძენს, რომ მომხდარზე „არსენალს“ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ განელ ფეხბურთელს მაინც ათამაშებდა, რის გამოც, სოციალურ ქსელებში უდიდესი კრიტიკა მიიღო. იგი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.