შეუცვლელად ითამაშა და შორიდან დაარტყა | გაგნიძის გრანადას გამარჯვება თასზე
ესპანეთის თასის 1/32-ფინალში ლუკა გაგნიძის „გრანადა“ „ტენერიფეს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სტუმრად ითამაშა და მომდევნო ეტაპის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.
„გრანადამ“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა. კუთხურის შემდეგ „ტენერიფეს“ მეკარე შეცდა და რუბენ ალკარასმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
გაგნიძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ლუკა პირველ ტაიმში აქტიური იყო, მეორე ნახევარში კი პატარა მომენტი ჰქონდა. გაგნიძემ შორიდან დაარტყა, თუმცა მასპინძელთა მეკარეს ბურთის აღება არ გასჭირვებია.
ცნობისთვის, „გრანადას“ მომდევნო შეხვედრა 7 დეკემბერს ელოდება. მისი გუნდი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ეგიდით, „სეუტას“ დაუპირისპირდება.