ხვიჩაზე მომგებიანი ტრანსფერი მხოლოდ ერთია | იტალიური კლუბების კაპიტალური მოგებები
Calcio e Finanza-მ კლუბების ფინანსებთან დაკავშირებული ანგარიში გამოაქვეყნა და ტრანსფერებით მიღებული შემოსავალი დააფიქსირა. იტალიური სააგენტოს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გაყიდვით „ნაპოლიმ“ 78 მილიონი ევროს კაპიტალური შემოსავალი მიიღო.
სერია A-ს ისტორიაში ამაზე უკეთესი გარიგება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა და მის ავტორად ისევ „ნაპოლი“ სახელდება. 2016/17 წლების სეზონში „პარტენოპეიმ“ გონსალო იგუაინი „იუვენტუსს“ მიჰყიდა, სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მისი კაპიტალური მოგება 86 მილიონს გაუტოლდა.
Calcio e Finanza-ს რეიტინგში მესამე ადგილზე „იუვენტუსია“. „ბიანკონერიმ“ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა და 76-მილიონიანი კაპიტალური შემოსავალი მიიღო. მეოთხე პოზიციას კვლავ „ნაპოლი“ იკავებს — ამჯერად ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერით, რომელიც 73 მილიონ ევროს კაპიტალურ მოგებად დაფიქსირდა.
ტოპ 5-ში მოხვდა ზინედინ ზიდანის ტრანსფერიც, როდესაც ის „იუვენტუსიდან“ „რეალში“ გადავიდა — 70 მილიონი ევრო. „ზიზუს“ გარდა სიაში არიან: დუშან ვლაჰოვიჩი (68 მილიონი — „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“), რომელუ ლუკაკუ (66 მილიონი — „ინტერიდან“ „ჩელსიში“), ედინსონ კავანი (64 მილიონი — „ნაპოლიდან“ პსჟ-ში), კაკა (63 მილიონი — „მილანიდან“ „რეალში“) და ჟორჟინიო (59 მილიონი — „ნაპოლიდან“ „ჩელსიში“).