„დრო და შანსი მიეცემა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან, „ბენფიკასთან“, ელის და „ლომების“ მთავარი მწვრთნელი გუნდის ნახევარდაცვაში შექმნილ კონკურენციას შეეხო.
მორიტა თუ ჟოაუ სიმოეში — ვინ იქნება ჰიულმანდის პარტნიორი?
„ჟოაუ სიმოეში შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო მატჩში მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება მეტოქით იყო განპირობებული. ის საოცრად თამაშობს და მაღალი დონის ჩვენებას აგრძელებს.
მორიტა პროგრესირებს და გიორგი ქოჩორაშვილმაც ძალიან მოუმატა გუნდთან და სპორტინგის დონესთან ადაპტაციის თვალსაზრისით. მას ექნება დრო და შანსი, რათა საკუთარი პროგრესი წარმოაჩინოს. ბედნიერი ვარ, რომ გიორგი, მორიტა და სიმოეში პროგრესირებენ.“
ცნობისთვის, „ბენფიკასა“ და „სპორტინგის“ დაპირისპირება 6 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება. „ლომებს“ 31 ქულა აქვთ და ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, „ბენფიკა“ კი 28 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.