მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ფინიშით მოგება მინდა, იანთან ეს ჯერ არავის გაუკეთებია“ - დვალიშვილი

UFC-ის მედიადღის ფარგლებში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და პიოტრ იანთან მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა.

„ჩემი მიზანი იყო, წელს 4-ჯერ მეჩხუბა, და მადლობა UFC-ის, რომ ამის შესაძლებლობა მომცეს და ამ მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს - მხოლოდ წონის ჩაბარება დარჩა. წონის კლების პროცესი არასოდესაა მარტივი, გუშინ თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი, დღეს უკეთესად ვარ. ჩემთვის ვარჯიში და დისციპლინა არასოდეს ყოფილა პრობლემა, მცირე ტრავმებიც მქონდა, მაგრამ მე არასოდეს ვწუწუნებ, მხოლოდ UFC-ის ექიმებს ვატყობინებ. სირთულეს ჩემთვის მხოლოდ წონის კლება წარმოადგენს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.

იანის დაფინიშება მინდა, იმიტომ რომ ეს აქამდე არავის გაუკეთებია. მთავარი გამარჯვებაა, იმიტომ რომ ეს რეკორდული იქნება. ყოველი გამარჯვება მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი გუნდისა და ქვეყნისთვის. მინდა, გულშემატკივრებმა სანახაობით ისიამოვნონ. ჩემი და იანის წინა ჩხუბი კარგი იყო, მაგრამ მინდა, უფრო კარგად ვიჩხუბო.

ვითარება სუპერმსუბუქ წონაში? აიმან ზაჰაბის მოგებების გრძელი სერია აქვს. იადონგი ომალისთან ჩხუბობს და ამ ჩხუბში შონისკენ ვიქნები, მაგრამ თუ იადონგმა მოიგო, მასთანაც სიამოვნებით ვიჩხუბებდი. პირველ რიგში, პიოტრ იანზე ვარ კონცენტრირებული, ის რთული მეტოქეა და ერთმა შეცდომამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. კარგად ვაცნობიერებ, რა საფრთხეს წარმოადგენს იანი.

16 მოგება ზედიზედ? ჩემი ოცნება UFC-ში ჩხუბი იყო და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე შორს წავიდოდი, მაგრამ ახლა რეკორდის დამყარება შემიძლია [ანდერსონ სილვას და ისლამ მახაჩევს UFC-ში ზედიზედ 16-16 ჩხუბი აქვთ მოგებული] და ეს ძალიან მახარებს.

წინა ჯერზე იანთან ჩხუბი ჩემთვის უფრო პირადული იყო, ახლა ამას მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით ვუყურებ. მას შემდეგ, როცა ჩხუბობდა, ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. სოციალურ ქსელებში თვალს ვადევნებ და შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მამაა, კარგი მებრძოლია. პრობლემა ის იყო, რომ ჩემზე, ალჯამეინ სტერლინგზე ცუდად საუბრობდა, პატივს არ გვცემდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა“.

ცნობისთვის, იანისა და დვალიშვილის ჩხუბი UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 7 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხედავ, რის ხარჯზე უნდა მოუგოს იანმა დვალიშვილს“ - უიტეკერი
„ვერ ვხედავ, რის ხარჯზე უნდა მოუგოს იანმა დვალიშვილს“ - უიტეკერი