„მოდუნება არ შეიძლება და არც შემიძლია“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის კვირის ფარგლებში ინტერვიუ UFC-ის ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა და მათთან იანთან მოახლოებულ ბრძოლაზე, მოსამზადებელ ეტაპზე და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.
მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ:
„დაბრუნება კარგი შეგრძნებაა. მიყვარს, როდესაც დაკავებული ვარ და წონაში კლების გარდა, ყველაფერი მშვენივრადაა.“
„2025 წელს ტიტულის მეოთხედ დაცვა? ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ბრძოლა მიყვარს და მინდა, რომ ყოველთვის დაკავებული ვიყო. დიდი მადლობა UFC-ის, რომ წელს მეოთხედ ბრძოლის შესაძლებლობა მომცა. ახლა მინდა, რომ წონაში მოვიმატო, ეს ბრძოლა მოვიგო და შემდეგ წელსაც იგივე გავაკეთო.“
„რატომ ვიბრძვი ასე ხშირად? მთავარი მიზეზი ის არის, რომ MMA და ბრძოლა ძალიან მიყვარს. მადლიერი ვარ UFC-ში ბრძოლით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქამარს ვიცავ და გეგმა იყო, რომ დაკავებული ჩემპიონი ვყოფილიყავი. ამას UFC-საც ვეუბნები და ისინიც მუდამ საქმეში მამყოფებენ. რა თქმა უნდა, ტრავმები და ცხოვრების წესთან დაკავშირებული სირთულეები ყველას გვაქვს, მაგრამ პირადად მე, ყველაფერს ვუმკლავდები, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ბრძოლის პროცესი ძალიან მიყვარს.“
„ამ ეტაპზე, ჩემი აზრით პიოტრმა საჩემპიონო ჩხუბი ყველაზე მეტად დაიმსახურა, რადგან სამგამარჯვებიანი სერია აქვს. საშიში მეტოქეა და დარწმუნებული ვარ, რომ მშიერია და ჩემთან მარცხის გამო შურისძიება უნდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს დაფინიშებას ეცდება.“
„მოდუნება არ შეიძლება და არც შემიძლია. დიახ, პირველ ბრძოლაში დავამარცხე და ახლა მმართებს, რომ იგივე ენერგია შევინარჩუნო. ეს ბიჭი ძალიან სახიფათოა და UFC-ის გულშემატკივრებს ძალიან კარგ ბრძოლას აჩუქებს. მჯერა, რომ ცალმხრივი ბრძოლა აღარ იქნება, ისეთი, როგორიც პირველ ჩხუბში იყო.“
„რას ვიზამ ბრძოლის შემდეგ? ალბათ ცოტა ხანი დავისვენებ, ახლა დისციპლინირებული ვარ და წონას ვაკონტროლებ, პარასკევს დილით 61 კგ. უნდა ჩავაბარო, მეორე დღეს კი ერთ-ერთ საუკეთესო ბიჭთან, პიოტრ იანთან უნდა ვიჩხუბო. თუ ღმერთი ინებებს, ამ ბრძოლის შემდეგ დავისვენებ. მომდევნო რამდენიმე კვირაში შობა და ახალი წელია, ამით დავტკბები და შემდეგ სამწვრთნელ ბანაკს უფრო ბედნიერი დავუბრუნდები.“
„მომავალ წელსაც მინდა, რომ იგივე გავაკეთო, ანუ ტიტული ოთხჯერ დავიცვა. ახლა პირველი მებრძოლი ვიქნები, ვინც ოთხჯერ დაიცავს ტიტულს, ამით რეკორდს დავამყარებ და შემდეგ წელს თუ კიდევ ოთხჯერ ვიბრძოლებ, ესეც ახალი რეკორდი იქნება.“
„მეორე წონის ჩემპიონობა? ამ მომენტში, კარგად ვარ და ბედნიერი ვარ იქ, სადაც ახლა ვიმყოფები. ჩემი ქამრის დაცვა მინდა, ყურადღება უნდა გავამახვილო ისეთ ძლიერ მეტოქეზე, როგორიც პიოტრ იანია, შემდეგ კი ჩვენს წონით კატეგორიაში სხვა კონტენდერებიც გვყავს.“
“თუ UFC მთხოვს წონითი კატეგორიის შეცვლას, ან რამდენიმე სუპერბრძოლის ჩატარებას, პრობლემა არ იქნება, დავთანხმდები, მაგრამ ახლა, მხოლოდ ჩემს დივიზიონზე ვარ კონცენტრირებული.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა. ღონისძიება თბილისის დროით 7 დეკემბერს გაიმართება.