კლოპი, ინძაგი, ზიდანი და სხვები - ვინ შეიძლება შეცვალოს სლოტი
პრემიერლიგის მორიგ ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „სანდერლენდს“ ვერ მოუგო (1:1) – „წითლებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 81-ე წუთზე შეძლეს. შესაბამისად, ბოლო 14 მატჩში „მერსისაიდელებს“ მხოლოდ 4 მოგება, 1 ფრე და 9 წაგება დაუგროვდათ.
გამოცემა GiveMeSport-მა შეადგინა მწვრთნელების ჩამონათვალი, რომლებმაც შესაძლოა „ენფილდზე“ არნე სლოტი შეცვალონ. ჩამონათვალი ბრიტანელი ბუქმეკერების პროგნოზებს ეფუძნება, რომლებიც ყველაზე მოსალოდნელ სცენარად „ლივერპულში“ იურგენ კლოპის დაბრუნებას მიიჩნევენ.
მეორე ადგილზეა ანდონი ირაოლა, რომელმაც „ბორნმუთი“ პრემიერლიგის გრანდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად აქცია, თანაც ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ალუბლები“ საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
სამეულში მოხვდა „კრისტალ პალასის“ დამრიგებელი ოლივერ გლასნერიც, რომელმაც „არწივები“ 2024 წელს ჩაიბარა. ავსტრიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „კრისტალ პალასმა“ ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო, თანაც, მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
სლოტის შესაძლო შემცლელების 15-კაციანი სია ასე გამოიყურება: იურგენ კლოპი, ანდონი ირაოლა, ოლივერ გლასნერი, ჩაბი ალონსო, უნაი ემერი, იულიან ნაგელსმანი, სტივენ ჯერარდი, ზინედინ ზიდანი, სიმონე ინძაგი, მარკო სილვა, ჩავი ერნანდესი, ენჯ პოსტეკოგლუ, ბრენდან როჯერსი, სესკ ფაბრეგასი და მაურისიო პოჩეტინო.