სამეფო თასი: ვილიარეალმა ანტონიანოს პენალტების სერიაში მოუგო
ესპანეთის თასის პირველ წრეში ვილიარეალი მე-4 დივიზიონის წარმომადგენელს ანტონიანოს ესტუმრა და გამარჯვებისთვის პენალტების სერია დასჭირდა.
გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მატჩში 67-ე წუთზე ჩაერთო. ქართველი ფეხბურთელი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მოგვევლინა და თამაშს ხშირად ამწვავებდა.
88-ე წუთზე შესანიშნავი გარღვევა შემოგვთავაზა, გამოზომილი პასიც გააკეთა და თანაგუნდელს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. დამატებით ტაიმში, 102-ე წუთზე აიოზე პერესმა ანგარიში გახსნა, რასაც 109-ე წუთზე გარსიამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც სტუმრები უკეთესები აღმოჩნდნენ. მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, ვილიარეალმა კი 5:3 მოიგო.