„ასპინალთან არ მისაუბრია, ცარუკიანი ქამარზე ჯერ არ იჩხუბებს“ - დენა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ლას-ვეგასში დაგეგმილი ღონისძიების დაწყებამდე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას მსუბუქი წონის მებრძოლის, არმან ცარუკიანის შესახებ, რომელიც იანვარში ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ჩაეხსნა, ახლა კი ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირა ბრძოლას აზღვევს.
რა თქვა დენა უაითმა:
„მსუბუქი წონის მომდევნო სატიტულო ჩხუბში არმან ცარუკიანი არ იქნება, მაგრამ ის, რომ მან თოფურია-ოლივეირას ბრძოლა დააზღვია და წონა წარმატებით ჩააბარა, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ვისთან დაიცავს ქამარს ასპინალი? სირილ განი რეიტინგში პირველია, ამიტომ ეს ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ტომთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ის ამბობდა, რომ იბრძოლებს ნებისმიერთან, ვისაც შევთავაზებთ“.
ცნობისთვის, იანვარში ცარუკიანი წონის კლების პროცესში მიღებული ტრავმის გამო ისლამ მახაჩევთან ბრძოლას ჩაეხსნა, რის გამოც სატიტულო შანსი რენატო მოიკანომ მიიღო და პირველივე რაუნდში დამარცხდა. მას შემდეგ ცარუკიანს, რომელიც მსუბუქი წონის რეიტინგის პირველი ნომერია, არ უჩხუბია, ახლა კი თოფურია-ოლივეირას ბრძოლის შემდეგ დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შორის დაგეგმილი ბრძოლის დაზღვევის სურვილიც გამოთქვა.
რაც შეეხება ასპინალს, რომელიც 2023 წლიდან მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი იყო, ჯონ ჯონსის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ ბრიტანელი მებრძოლი მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.