„მასზე ძლიერი მეტოქე ბევრი მყოლია“ - პერეირამ ანკალაევზე ისაუბრა
მარტში, UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში მაგომედ ანკალაევთან დამარცხებისა და საჩემპიონო ქამარის დაკარგვის შემდეგ, ალექს პერეირა მედიის წინაშე გამოჩენასა და კომენტარების გაკეთებას მაქსიმალურად ერიდებოდა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და ბრაზილიელსაც გარკვეული შეფასებების გაკეთება მოუწია, რომლის მოსმენითაც მისი დაღესტნელი ოპონენტი ბედნიერი ნამდვილად არ იქნება.
რას ამბობს პერეირა
რატომ დავმარცხდი და ვიმსახურებდი თუ არა წაგებას, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და არც მინდა, რადგან საკუთარ შეცდომებს მხოლოდ საკუთარ თავთან ვაღიარებ და მის გამოსწორებაზე მაქსიმალურად ვზრუნავ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - საჩემპიონო ქამარი ანკალაევთან დავკარგე, მაგრამ UFC-ში ჩემი კარიერის განმავლობაში მასზე ძლიერი ბევრი მოწინააღმდეგე მყოლია და მას განსაკუთრებული კლასი ნამდვილად ვერ შევატყვე.
შეგახსენებთ, რომ მაგომედ ანკალაევმა საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ მისი დაცვის სურვილი რამდენიმე მეტოქესთან გამოთქვა, თუმცა როგორც ის და მისი მენეჯერები აცხადებენ, მათთან დაპირისპირება არავის სურს და რამდენიმე უარი მიიღეს.