ტრიუმფი ბულგარეთში - დინამოს 14-წლამდე გუნდის წარმატება
ბულგარეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „დინამო თბილისის“ 14-წლამდე გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მიხეილ ზაბახიძის მომზადებულმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგრადის „პარტიზანი“ 1:0 დაამარცხეს და გამარჯვების ბურთი დემეტრე ბაკურიამ გაიტანა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მთლიანად შეჯიბრებაში „დინამოელებმა“ ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მათგანი ისე მოიგეს, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ.
ფინალამდე „დინამომ“ სამივე თამაშში ერთნაირი ანგარიშით, 2:0 გაიმარჯვა. ქართველებმა ტურნირის გახსნით შეხვედრაში ბუქარესტის „სტიაუას“ დემეტრე ბაკურიასა და სერაფიმე კაზაროვის ბურთებით აჯობეს, რასაც „ბენფიკას“ ძლევა მოჰყვა და ამ მატჩში გოლებით თავი დემეტრე ჯანაშიამ და მათე მიქავამ გამოიჩინეს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი „დინამომ“ „პაოკს“ გიორგი ღუნაშვილის დუბლით მოუგო.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ინდივიდუალური პრიზების მფლობელებიც გაირკვა და ჯილდო „დინამოს“ ორმა წარმომადგენელმა მიიღო - ტურნირის საუკეთესო მეკარედ ნიკოლოზ კაჭახიძე, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ღუნაშვილი აღიარეს.