ზედიზედ მეოთხე ოქროს მოლოდინში | გრიგალაშვილი ფინალშია და არბუზოვს ხვდება
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეოთხე დღეს, საქართველოს სახელით სამმა ჯუდოკამ იასპარეზა და ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი ვიხილეთ.
ტატო გრიგალაშვილს ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მეორე რაუნდში ვედატ ალბაირაქი დაამარცხა, შემდეგ გეორგი გრამატიკოვს 45 წამში მოუგო, მეოთხედფინალში კი მატიას კასეს უმძიმეს ბრძოლაში სძლია. ნახევარფინალში, ტატო ზელიმ ტკაევს დაუპირისპირდა და ფინალის საგზური მოიპოვა.
გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა, ოქროს მედალი კი ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული. ტატოს მეტოქე ტიმურ არბუზოვია. ამ უკანასკნელს ის ორჯერ შეხვედრია. 2024 წლის მსოფლიოს ფინალში, გრიგალაშვილმა მოიგო, ხოლო 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვმა იმარჯვა.
ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველივე რაუნდში დაემშვიდობა. ქართველი ჯუდოკა ჩინელ ჯინ ტანს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. ორი შეხვედრა მოიგო ზაურ დვალაშვილმა. 23 წლის ჯუდოკამ პირველ წრეში აურელიენ ბონფერონის მოუგო, შემდეგ კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპო დაამარცხა, მეთექვსმეტედფინალში კი მედიკსონ დელ ორბე კორტორეალთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთი ოქროს მედალია. გუშინ, ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოს ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.