„სწორედ ასეთი გუნდის ხილვა მინდოდა“ - ენრიკე ბოლომდე კმაყოფილია
„ატლეტიკოსთვის“ ოთხი ბურთის გატანა ნებისმიერ ტურნირზე და ნებისმიერ მოცემულობაში ურთულესი საქმეა - „პარი სენ-ჟერმენმა“ კი ამის გაკეთება მოახერხა, როხიბლანკო 4:0 დაამარცხა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. დაფიქსირებული ანგარიშისა და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მოელოდნენ, რომ ლუის ენრიკე ბოლომდე კმაყოფილი იქნებოდა და ასეც მოხდა.
ლუის ენრიკე
სწორედ ასეთი გუნდის ჩამოყალიბებაზე ვოცნებობდი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ. სეზონის ბოლოს, მსგავსი მობილურობა ნებისმიერი ფეხბურთელის მხრიდან დასაფასებელია. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ დაღლილობის მიუხედავად, მათ საკუთარ თავში მოტივაცია ეპოვათ და როგორც ჩანს, ამის გაკეთება მოახერხეს.
ყველას ვეთანხმები, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი არცთუ ხელსაყრელ დროს ტარდება, მაგრამ ახალი ტურნირია, ახალი ფორმატით და მის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ძალიან ბევრისთვის ამ ფორმაციის „პარი სენ-ჟერმენი“ მისაბაძ კლუბად იქცა.
ცნობისათვის, ყველა ტურნირის ჩათვლით, პსჟ-მა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, მეტოქე გუნდების კარში გაიტანა 21 ბურთი და საკუთარში მხოლოდ 3 გოლი მიიღო.