„უმაღლეს მოთხოვნებს ბოლომდე უპასუხა“ - ზურიკოს დამატება სამ გუნდს სურს
2024 წლის ზაფხულში ქვედა ლიგაში დაქვეითებულმა „ბორდომ“, რომელსაც მოგვიანებით უკვე პროფესიონალური კლუბის სტატუსიც ჩამოართვეს, ლიგა 1-ის გუნდებში ორი ფეხბურთელი გაასხვისა. ზურიკო დავითაშვილმა ჟირონდადან „სენტ ეტიენში“ გადაინაცვლა, ხოლო კარლ-იოჰან იონსონმა კონტრაქტი „სტრასბურგთან“ გააფორმა. ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში ამ ორ მოთამაშესთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის კი, ბუნებრივია უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ზურიკოსთან დაკავშირებული ინფორმაცია იქნება.
რას წერენ დავითაშვილზე
„ბორდოს“ რიგებში ლიგა 2-ში ჩატარებული ორი სრულფასოვანი სეზონის შემდეგ, კონტრაქტი „სენტ ეტიენთან“ გააფორმა და მის სანაცვლოდ ჟირონდელებმა 6 მილიონი ევრო მიიღეს, რაც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე „დინამო ბათუმისთვის“ მხოლოდ 2,5 მილიონის გადახდა მოუწიათ, ურიგო გარიგება ნამდვილად არ იყო.
ლიგა 2-ში გამართულ სადებიუტო სეზონში ზურიკოს ანგარიშზე 10 საგოლე მოქმედება იყო, მეორე წელს კი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა და 8 გოლთან ერთად, 9 ასისტი მიითვალა. ამას მოჰყვა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებში კარგი თამაში და „მწვანეების“ სკაუტების ინტერესი, რის შემდეგაც ის საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდა.
ბევრი თვლიდა, რომ ზურიკო ლიგა 1-ისთვის მზად არ იქნებოდა, მაგრამ მისმა ასპარეზობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თუ გავარდნილ „სენტ ეტიენში“ ვინმე ნათელი წერტილი იყო, ეს პირველ რიგში ქართველ ლეგიონერზე ითქმის. ახლა მისი მსურველები „სტრაბურგი“, „ბრესტი“ და „პარიზი“ არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ლიგა 2-ში დაქვეითება ავტომატურად ფინანსურ პრობლემებს ნიშნავს, „სენტ ეტიენმა“ დავითაშვილის გაყიდვაზე წესით და რიგით უარი არ უნდა თქვას.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 34 მატჩში თავი 9 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა, „მწვანეებთან“ კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.