საბა საზონოვი, კახა ჭუმბურიძე
Aa
Aa

„შეიძლება პორტუგალიასთან ითამაშოს“ - ინფორმაცია საზონოვის ტრავმაზე

როგორც არ უნდა დასრულდეს სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი კონტინენტის პირველობა წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. რამაზ სვანაძის მომზადებულმა გუნდმა გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია და სამი ქულა ხელიდან მხოლოდ კომპენსირებულ დროში გაუშვა. მატჩის ერთ-ერთი გმირი გახლდათ საბა საზონოვი, რომელმაც თამაშის ჩამთავრება ტრავმის გამო ვერ მოახერხა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.

რას ამბობს ჭუმბურიძე

ჯერჯერობით კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა სამედიცინო შტაბის წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რის გამოც ვინარჩუნებთ იმის იმედს, რომ საზონოვი თანაგუნდელებს პორტუგალიელებთან მატჩში დაეხმარება.

მისი დაშავება გუნდისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდა, რადგან გოლი ზუსტად იმ პოზიციიდან გავუშვით, სადაც საბა ირჯებოდა. ამ ყველაფერმა გამახსენა დიდების ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება, სადაც ჩვენ გუნდში ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ ბევრი რამ უარყოფითად შეიცვალა.

ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრების 70 პროცენტი საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკის სიმწირეს განიცდის, რაც ასეთი დონის ტურნირზე ყველაზე კარგად ჩანს. მიუხედავად ამისა, ვამაყობთ ამ გუნდით, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ასეთი რთული ჯგუფიდან გასვლის შანსს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო რამაზ სვანაძე, რომელიც საქართველოში და არამარტო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანია. ევრო 2023-ზე ნაჩვენებ შედეგებს რომ თავი დავანებოთ, მისი ხელმძღვანელობით შესარჩევსა და პლეი ოფში ისეთ ძლიერ გუნდებს ვაჯობეთ, როგორებიც შვედეთი და ხორვატია იყვნენ.

ცნობისათვის, ორ ტურში დაგროვებული 3 ქულით საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიელებს დაუპირისპირდებიან და შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ასე აღარ უნდა ვითამაშოთ“ - საფრანგეთის მწვრთნელი
„საქართველომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ასე აღარ უნდა ვითამაშოთ“ - საფრანგეთის მწვრთნელი