გიორგი აბუაშვილი, ოთარ მამაგეიშვილი
Aa
Aa

„პორტუგალიელებთან მატჩს უიმედოდ არ ვხვდებით“ - ფეხბურთელები მესამე ტურის წინ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთთან თუნდაც ქულის აღებას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და დასახული გეგმის გადაჭარბებით შესრულებასთან ქართველი ფეხბურთელები ახლოს იყვნენ, თუმცა სამწუხაროდ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ფავორიტად შერაცხულმა მეტოქემ გაიმარჯვა.

სატურნირო მდგომარეობიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენი გუნდისთვის დასრულებული ჯერჯერობით არაფერი არ არის და რაც ყველაზე მთავარია, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი - თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბოლო ტურში პორტუგალიელებს მოუგებს, მეოთხედფინალში გავა. ოპტიმისტური განწყობა აქვთ გიორგი აბუაშვილსა და ოთო მამაგეიშვილს, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან გააკეთეს კომენტარი.

გიორგი აბუაშვილი

პოლონელებთან და ფრანგებთან გამართულმა მატჩებმა ძალიან დიდი ძალა წაიღო და ახლა უპირველესი ამოცანაა ენერგია აღვიდგინოთ. გუნდში კვლავაც არაჩვეულებრივი განწყობაა და პორტუგალიის ნაკრებთან მატჩზე ყველა ბოლომდე საბრძოლველად გავალთ.

გატანილი გოლის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება ფრანგებთან თამაშის საბოლოო შედეგს, იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ეს ყველაფერი უკვე დავიწყებას მიეცა.

ოთო მამაგეიშვილი

საფრანგეთთან ემოციურად მძიმე და რთული მატჩი გამოდგა, თუმცა როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, უნდა გქონდეს გათვიცნობიერებული, რომ მჭიდრო გრაფიკში ძალების ბოლომდე აღდგენის საშუალება შეიძლება არ მოგეცეს. ვეცადეთ, რომ ეს ყველაფერი დაგვევიწყებინა და კონცენტრაციას პორტუგალიელებთან მატჩზე ვახდენთ, რომელსაც უიმედო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვხვდებით.

განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივარს - ქომაგები სულ ჩვენს გვერდით არიან. მათაც განსხვავებული ემოციები ჰქონდათ - თავდაპირველად დაწინაურებით გახარებულებმა მოგების სიხარული გამოხატეს, შემდეგ კი თითოეული მათგანის სახეზე იმედგაცრუება იყო აღბეჭდილი. ვეცდებით ისინი პორტუგალიასთან თამაშის დამთავრების შემდეგ ისეთივე ბედნიერები გახდნენ, როგორებიც მაშინ იყვნენ, როდესაც ფრანგებს ვუგებდით.

ცნობისათვის, პორტუგალია-საქართველოს შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება. პარალელურად აიღებს სტარტს ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაც, სადაც პოლონელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ასე აღარ უნდა ვითამაშოთ“ - საფრანგეთის მწვრთნელი
„საქართველომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ასე აღარ უნდა ვითამაშოთ“ - საფრანგეთის მწვრთნელი