„პოლონეთთან სოლიდური თამაში ჰქონდათ“ | საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების თავკაცი
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას საფრანგეთთან გამართავს. „სამფეროვანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟერალდ ბატიკლიმ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და რამაზ სვანაძის გუნდი დაახასიათა.
„გვინდა, კონკრეტული დეტალები გავაუმჯობესოთ და ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. მეტოქეებს ჩვენთვის ზიანის მოყენების იმედი არ უნდა მივცეთ და საჭიროა, თამაშში არ დავტოვოთ. ვმუშაობთ, რათა შეტევაში, რამდენიმე სტილი გვქონდეს, მაგრამ იერიშებზე თავისუფლად გადასასვლელად, აუცილებელია, დაცვაში ძლიერი თამაში ვაჩვენოთ.
პორტუგალიის წინააღმდეგ გოლი არ გავუშვით, რაც კარგი შედეგია, მაგრამ მეტოქეს გოლის გატანის ბევრი შანსი მივეცით. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში ყოველთვის გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც გმირის სტატუსს ირგებდა და კარს მშრალად ვინახავდით, მაგრამ ასეთი სიტუაციები აღარ უნდა შეიქმნას.
საქართველომ პოლონეთის წინააღმდეგ სოლიდურად ითამაშა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2:1 მოიგო. ამ გამარჯვების წყალობით, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. საქართველოს ნაკრები ენერგიული გუნდია, რომელიც ბოლომდე იბრძვის. გამბედავი ფეხბურთელები ჰყავთ და დაცვაში აგრესიულად თამაშობენ.
საქართველოს შეუძლია, მაღალი დაცვა ითამაშოს და კონტრშეტევებზე სწრაფად გადადის. მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ, რის გამოც, სტანდარტულებზე სახიფათონი არიან. პოლონეთთან მატჩი ჩვენთვის გაფრთხილება იყო და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ფხიზლად ვითამაშოთ და მეტოქის ძლიერ მხარეებს სათანადოდ დავხვდეთ“.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2025-ის პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიასთან 0:0 ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჟერარ ბატიკლის გუნდს 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.