პიოლიმ და რანიერიმ უარი თქვეს | სკუადრა აძურა მწვრთნელს ეძებს
იტალიის ნაკრების გარშემო უსიამოვნო სიახლეები არ წყდება. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მოლდოვასთან მატჩი ლუჩანო სპალეტისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბოლო იქნებოდა, გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან, ვინ შეცვლის 66 წლის სპეციალისტს „სკუადრა აძურას“ თავკაცის თანამდებობაზე.
როგორც ირკვევა, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ამ მხრივ სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.
კერძოდ, იტალიური ფეხბურთის ბოსებმა ნაკრებში მუშაობა ჯერ კლაუდიო რანიერის შესთავაზეს, თუმცა ასაკოვანმა სპეციალისტმა შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ „რომას“ მენეჯმენტში მუშაობას გააგრძელებს.
ამის შემდეგ, როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სტეფანო პიოლის შესთავაზეს, რომელიც ამჟამად „ალ-ნასრში“ მუშაობს.
დი მარციოს ინფორმაციით, პიოლიმ ნაკრებში მუშაობა არ ისურვა და, დიდი ალბათობით, „ფიორენტინას“ ჩაიბარებს.
იტალიურ პრესაში რობერტო მანჩინისაც ახსენებენ, რომელიც „სკუადრა აძურას“ 2018-2023 წლებში წვრთნიდა და ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც იტალიელები ზედიზედ მეორე მუნდიალის მიღმა აღმოჩნდნენ.
ცნობისთვის, სპალეტიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იტალიის ნაკრები ნორვეგიასთან 0:3 დამარცხდა.