„საკუთარი თავი ჯონ ჯონსი არ გეგონოს“ - იმავოვმა დუ პლესის მიმართა
აგვისტოში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება - დრიკუს დუ პლესი ტიტულის დაცვას ამჯერად ხამზატ ჩიმაევთან შეეცდება, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დუ პლესის ჰკითხეს, რამდენად იმსახურებდა მასთან დაპირისპირებას ნასურდინ იმავოვი, რაზეც განაცხადა, რომ ამ ჩხუბის გამართვის არანაირი სურვილი არ აქვს. იმავოვის პასუხმაც არ დააყოვნა და საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა:
„დრიკუს დუ პლესის კომპლიმენტებისთვის მადლობას ვეტყვი, მაგრამ ასევე შევახსენებ, რომ ის ჯონ ჯონსი არ არის და როდესაც რამე ხდება, არაფრის ბოიკოტირებისა და არაფერზე უარის თქმის უფლება არ აქვს. დიახ, კომპლიმენტია, როდესაც ჩემთან შეხვედრა არ სურთ, რადგან ეს შიშის მანიშნებელია. თუ არ არის მზად საჩემპიონო ქამარი დაიცვას, მაშინ ვაკანტური გახადოს ტიტული“.
ცნობისათვის, დუ პლესიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხამზატ ჩიმაევი ტრავმას მიიღებდა და საჩემპიონო ორთაბრძოლაში მას ნასურდინ იმავოვი ჩაანაცვლებდა, ბრძოლაზე უარს იტყოდა, რამაც როგორც ხედავთ, ფრანგი მებრძოლი საკმაოდ გააღიზიანა.