ილიამ ბოლო დარტყმით მთლიანად გამთიშა | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
ჩარლზ ოლივეირასთან მოახლოებული ბრძოლის წინ ილია თოფურიას მწვრთნელი ხავი კლიმენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ილიამ ყველაზე რთული ნაწილი, სპარინგი და მომზადების ფიზიკური მხარე დაასრულა. კლიმენტი მიიჩნევს, რომ „ელ მატადორი'' ბრწყინვალე ფორმაშია.
ხავი კლიმენტი ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ესაუბრა, რომელიც MMA-ზე მუშაობს.
ხავი კლიმენტი: „მოსამზადებელი ეტაპის ყველაზე რთული ნაწილი, რაც სპარინგსა და მომზადების ფიზიკურ მხარეს გულისხმობს, დასრულდა. ახლა სხვა ეტაპი იწყება: მოგზაურობა, აკლიმატიზაცია, რამდენიმე დეტალის დამატება და დიდებული დღით სიამოვნების მიღება.
ილიამ სპარინგებში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. რადგან მან წონა შეიცვალა, წონის მომატება მეც მომიწია, თუმცა ამან ვერ მიშველა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ილიამ ბოლო დარტყმით მთლიანად გამთიშა. ნერვული სისტემა აღარ ფუნქციონირებდა და კომბინაციები მავიწყდებოდა. მისი სპარინგ პარტნიორები იმის თქმის საფუძველს მაძლევენ, რომ ილია 28 ივნისს ნამდვილ შედევრს შექმნის’’.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.