„კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი სიმბოლოა“ | ლიზარაზუმ ხვიჩაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა. ლიზარაზუმ პარიზელთა რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხალია პსჟ-ის ერთ-ერთი სიმბოლოა.
„დეზირე დუე ახალგაზრდობისა და ნიჭის სიმბოლოა და პარი სენ-ჟერმენში სხვა სიმბოლოების გამორჩევაც შეგვიძლია. მაგალითად, აშრაფ ჰაკიმის, რომელიც ფიზიკური სიძლიერისა და ათლეტურობის სიმბოლოს წარმოადგენს. პსჟ ფინალში ბრწყინვალე იყო და ინტერს უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
პარი სენ-ჟერმენის მებრძოლ ხასიათს ხვიჩა კვარაცხელია გამოხატავს. მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდი, როდესაც ხვიჩა უკან ჩამოვიდა და დენზელ დუმფრისს ბურთი წაართვა. ეს საოცარი მომენტი იყო და კვარაცხელიას მთელმა სტადიონმა ტაში დაუკრა. ამ ფეხბურთელმა გუნდში ჟინი შეიტანა და პირველივე დღიდან, განსხვავებას ქმნის. დაბოლოს, გვყავს უსმან დემბელე, რომელიც არაეგოისტურობის მაგალითია“.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ „ინტერთან“ ფინალური მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი გაიტანა, მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 11-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო. Sofascore-მა „კვარას“ თამაში 7.4 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი მას 7.9 ქულა დაუწერა.