დემბელეს და ბარკოლას ტრავმები | ფრანგების დანაკარგი გერმანიასთან მატჩის წინ
საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩს სერიოზული დანაკარგით ხვდება. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დიდიე დეშამი გერმანიასთან მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ ორ შემტევს - უსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლას ვერ გამოიყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დემბელეს ბარძაყის ოთხთავა კუნთის ტრავმა აქვს, ბარკოლამ კი მუხლი დაიზიანა.
ტრავმების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისად, გაურკვეველია ისიც, შეძლებენ თუ არა ფრანგი შემტევები პარიზელებთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს. ფეხბურთელები პარიზში დაბრუნდნენ და მკურნალობას პსჟ-ის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებენ.
ცნობისთვის, პირველ მატჩს საკლუბო მუნდიალზე ლუის ენრიკეს გუნდი 15 ივნისს, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავს. პარიზელთა ჯგუფში ასევე არიან „ბოტაფოგო“ და „სიეტლ საუნდერსი“.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, დეშამის გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან დამარცხდა (4:5), მესამე ადგილისთვის მატჩში კი გერმანიას დაუპირისპირდება.