„ოდნავ უფრო გახსნილი მატჩი გამოვიდა“ | ფარერის კუნძულების ნაკრების პრესკონფერენცია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა და ფარერის კუნძულების ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ეიდუნ კლაკშტეინმა პრესკონფერენცია გამართა და „ჯვაროსნებთან“ გამართული დაპირისპირება შეაფასა.
„კარგი მოსამზადებელი მატჩი გამოვიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოვცადეთ და რამდენიმე მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ოდნავ უფრო გახსნილი თამაში წარიმართა, ვიდრე გვინდოდა. რამდენჯერმე გადავრჩით და მეორე ტაიმში, ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. სამწუხაროა, რომ ეს არ გამოგვივიდა და შეხვედრა ფრედ არ დასრულდა.
საქართველოს ნაკრების გოლი ჩვენს სერიოზულ შეცდომას მოჰყვა, შემდეგ კი მივიღეთ შანსები, რომლებიც ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შეიძლებოდა გვქონოდა. მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა, რაც გვინდოდა. ნორმალური თამაში იყო და შეგვიძლია, ეს შეხვედრა მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ.
ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ თამაშობდა და ჩვენც ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. ორივე გუნდი ერთნაირ სიტუაციაში იყო და გამოვცადეთ ტაქტიკები, რომლებსაც ხშირად არ ვიყენებთ ხოლმე. ზოგიერთ ეპიზოდში, მაღალ პრესინგს მივმართეთ. ამ კომპონენტში ძლიერები არ ვართ, მაგრამ გვინდოდა, გამოგვეყენებინა და გვეცადა. ამის გამო, მეტოქემ მეტი სივრცე მიიღო, რაც პრობლემა არაა. შეგვეძლო გაგვეტანა და მატჩი ფრედ დასრულებულიყო. შანსებიც გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ კარგად იმოქმედა და რამდენიმე მომენტი ჩვენ გავაფუჭეთ. კარგი სავარჯიშო მატჩი იყო და იმედგაცრუებული ვართ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან, ერთადერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ქუთაისში (8 ივნისს, 20:00) კაბო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს.