18 გოლი სამ შეხვედრაში | ვალენსიასთვის ბარსელონა ღამის კოშმარია
ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში „ბარსელონა“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ფენომენალური გამოსვლა აჩვენა და ფერმინ ლოპესის, რაფინიასა და რობერტ ლევანდოვსკის დუბლებით „ღამურები“ 6:0 გაანადგურა.
„ვალენსიასთვის“ „ბლაუგრანა“ ჩვეულებრივ ღამის კოშმარად იქცა. ბოლო სამ შეხვედრაში კატალონიელებმა კარლოს კორბერანის გუნდს 18 გოლი გაუტანეს. 27 იანვარს, ლა ლიგის ეგიდით გამართული მატჩი „ბარსამ“ 7:1 მოიგო, რამდენიმე დღეში კი „ჩე“ კოპა დელ რეიზე გაანადგურა - 5:0.
საინტერესოა, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც კალენდარული წლის განმავლობაში, „ბარსელონამ“ ერთ გუნდს 18 ან უფრო მეტი გოლი გაუტანა. ბოლოს ასეთი რამ საკუთარ თავზე „სევილიამ“ გამოცადა. 2010 წელს „ბლაუგრანამ“ ანდალუსიელების კარი 19-ჯერ აიღო, ოღონდ ამისთვის 7 თამაში დასჭირდა.
„მატჩის პირველივე წუთებზე ვაჩვენეთ, რის გაკეთება გვინდოდა და ყველაფერი გამოგვივიდა. სიამოვნება მივიღეთ და გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. იდეალური სამი ქულა ავიღეთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა.
აღსანიშნავია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ „ვალენსიას“ ფეხბურთელები სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებთან მივიდნენ და მათგან კრიტიკა მოისმინეს. სათქმელია ისიც, რომ „ღამურებმა" ლა ლიგის პირველ სამ ტურში 2 გოლი გაუშვეს, „ბარსელონასთან“ კი არაფერი გამოუვიდათ.