„გამარჯვებას ვეცდებით“ - ფარერის კუნძულების პრესკონფერენცია
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეიდუნ კლაკშტეინმა და ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:
ხვალინდელი თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კარგი გამოწვევა იქნება. გუნდი ვითარდება და ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ახალი სამწვრთნელო შტაბია და ახლა მიმდინარეობს შეთამაშების პროცესი, შესაძლოა შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მიეცეთ. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში გარკვეული ცვლილებებია, მაგრამ მეტოქე მაინც ძლიერი გუნდია. კარგ შედეგს ველოდებით.
ფეხბურთელი - ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. მადლიერები ვართ თამაშის ორგანიზებით. ლამაზი ქვეყანა და ქალაქია, გუნდი კი ძლიერი. რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს.
ამხანაგური შეხვედრაა და სწორედ ამის გამო, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვეცდებით, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ოთხი ამხანაგური მატჩი გავმართეთ აღმოსავლეთ ევროპაში და მჭიდრო დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. ახლა გვინდა, რომ ძალები შეტევაშიც გამოვცადოთ.
საქართველოს ნაკრებმა მარტში ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა, ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და შეტევაში ძლიერი გუნდია. ვიცით, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არ იქნება, მაგრამ ეს გუნდიც დიდ ძალას წარმოადგენს. ველოდებით, რომ ორივე მხრიდან შეტევითი მატჩი იქნება.
ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი იგივეა, რაც 1 წლის წინ. იგივე გუნდი გამოვიყენეთ მარტის თამაშებში. რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ ბირთვი იგივე დარჩა.
ჩვენი მიზანი ყოველთვის მოსაგებად თამაშია. სექტემბერში გიბრალტარს ვხვდებით, სადაც ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვიქნებით, შემდეგ კი ხორვატიას ვხვდებით, სადაც წარმატებული შედეგის მიღწევას ყველანაირად ვეცდებით.
ფეხბურთელი - ტაქტიკურად კარგად მოვემზადეთ. ყველა თამაშში მიზანი გამარჯვებაა და ხვალაც ამას ვეცდებით. მიზანი სექტემბრის თამაშებისთვის მომზადებაა და ხვალინდელ თამაშში ბევრ რამეს დავინახავთ.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის დონის ფეხბურთელები ჰყავს - ლევანტეში ქოჩორაშვილის თამაშს ვუყურეთ, ასევე მაღალი დონის მეკარეა. სამწუხაროა, რომ სრული შემადგენლობით არ გვეთამაშებიან, საინტერესო იქნებოდა მათ წინააღმდეგ ძალების გამოცდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფარერის კუნძულების მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.