ალანიას ლელო - ორიაკი დაქვეითებას გადაურჩა
„ორიაკმა“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, რაშიც გუნდის ქართველ ლეგიონერს მიხეილ ალანიას ლომის წილი მიუძღვის. ორიაკელთა 9 ნომერი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა, ხოლო მატჩის მეათე წუთზე, მაშინ როდესაც ანგარიშში სრული თანაფარდობა იყო, სტუმრები ლელოთი დააწინაურა.
სტუმრებმა საკმაოდ სწრაფი შეტევა განავითარეს, რომლის დროსაც უდარი ლამის ხაზამდე მივიდა, თუმცა მისი შებოჭვა მოახერხეს. რაქიდან ბურთი კი ალანიას ჩაუვარდა ხელში და მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მის გარდა, ქართველებიდან „ორიაკის“ ძირითადში იყო გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო.
ცნობისათვის, „ორიაკი“ გაისად მეორე დივიზიონში ზედიზედ მე-19 სეზონს დაიწყებს, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია.